Tuesday, January 29, 2013


კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ა.წ. 31 მარტს ადგილობრივი დროით საღამოს 8:30 საათიდან 9:30 საათამდე ტარდება ყოველწლიური გლობალური მასშტაბის აქცია – „დედამიწის საათი 2012”. ამ აქციის ფარგლებში მსოფლიოს ქვეყნებში ერთი საათის განმავლობაში გამოირთვება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება.
აქციის მიზანია მსოფლიო ლიდერების მიერ სათბურის აირების ემისიების შემცირების თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა. 2011 წლის აქციაში მონაწილეობა მიიღო 5000-ზე მეტმა ქალაქმა და სიმბოლური მნიშვნელობის 1300-ზე მეტმა ძეგლმა. აქციის ერთ–ერთი უმთავრესი ყოველწლიური მიზანია მოსახლეობის ჩართვა და მისი ინფორმირება ღონისძიების მნიშვნელობის თაობაზე.
აქციის მსვლელობისას გამოირთვება ისეთი მნიშვნელოვანი შენობების განათება, როგორიცაა: სიდნეის საოპერო თეატრი, სან–ფრანცისკოს ”გოლდენ გეით” ხიდი, რომის კოლიზეუმი, კუალა ლუმპურის პეტრონასის კოშკები, ნიუ იორკის ემფაირ სთეით ბილდინგი, ეიფელის კოშკი პარიზში, ბრანდენბერგის კარიბჭე ბერლინში, სფინქსი და პირამიდები გიზაში და ა.შ. 2012 წლის აქციაში მონაწილეობას მიიღებს ათასობით ქალაქი და სიმბოლური მნიშვნელობის ასობით ძეგლი. აქციაში ჩაერთვება მოსახლეობაც, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გამორთავს ელექტროგანათებასა და ელექტროხელსაწყოებს საცხოვრებელ სახლებში.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიზანია, გასული 3 წლის მსგავსად, უზრუნველყოს ამ ინიციატივაში საქართველოს ჩართვა. CENN „დედამიწის საათის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მუდმივ კავშირშია „დედამიწის საათის“ გლობალურ გუნდთან სიდნეისა და სინგაპურში. „დედამიწის საათის“ აქციის ფარგლებში 2009, 2010 და 2011 წლებში CENN–ის ინიციატივითა და თბილისის მერიასთან თანამშრომლობით გამოირთო თბილისის სატელევიზიო ანძისა და მუნიციპალური შენობების გარე განათება. ასევე, „დედამიწის საათის“ ფარგლებში, გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისა და სხვა ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება.
აქციას „დედამიწის საათი საქართველო“ უკვე შეუერთდნენ:
· საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
· საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო
· საქართველოს სოფლის მეურნეობისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
· ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
· ქალთა ფონდი საქართველოში
· საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია (AYPEG)
· Oceans Project Georgia
· რეგიონალური ტელევიზია „ბორჯომი“
· არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“
· დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“
· გორის ავტოკემპინგის დევნილთა კომპაქტური დასახლება
· ბორჯომის პლატოს დევნილთა კომპაქტური დასახლება
· CBO „თემქა–ზღვისუბანი“
საინფორმაციო მხარდაჭერას აქციას „დედამიწის საათი“ უწევენ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
იმედი გვაქვს, რომ მონაწილეთა შორის თქვენც და თქვენი ორგანიზაციაც იქნება.
ეს ღონისძიება გაშუქდება მედიასაშუალებებით, როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო მასშტაბით.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს ორგანიზაციას, მიიღოთ მონაწილეობა აქციაში „დედამიწის საათი 2012“ და გამორთოთ ელექტროგანათება შაბათს, ა.წ. 31 მარტს, ადგილობრივი დროით საღამოს 8:30 საათიდან 9:30 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ აქციის ოფიციალურ ვებ–გვერდს:http://www.earthhour.org
აქცია დედამიწის საათი–ს ოფიციალური ორგანიზატორები საქართველოში:
CENN, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).
„დედამიწის საათი საქართველო“ ოფიციალური ვებ გვერდი:http://earthhourgeorgia.wordpress.com/


No comments:

Post a Comment